ვენეციაში, ერთი დღით ჩასულ ტურისტებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადონ. ამის შესახებ Guarddian წერს.
ვენეციის ხელისუფლებამ 1-ელ ივლისს ვენეციაში ერთი დღით ჩამსვლელი ტურისტებისთვის ახალი წესები გაასაჯაროვა, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვარში შევა.
ტურისტებს, რომლებიც არ აპირებენ ღამის გათევას სასტუმროებში ან სხვა საცხოვრებლებში, უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში იმ დღისთვის, როდესაც გეგმავენ ჩამოსვლას და ერთ ადამიანზე, დაჯავშნის დროიდან და სეზონიდან გამომდინარე 3-დან 10-ევრომდე გადაიხადონ. დამრღვევებს ემუქრებათ 300 ევრომდე ჯარიმა, თუ ისინი შეჩერდებიან და არ წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ დაჯავშნეს და გადაიხადეს ვიზიტი QR კოდის გამოყენებით.
ცნობილია, რომ ტურისტების დაახლოებით 80% ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. 2019 წელს, პანდემიამდე ბოლო სრულ ტურისტულ წელს, ვენეციას ეწვია 19 მილიონი დღიური მოგზაური.
ვენეციის ტურიზმის კომისარმა, სიმონე ვენტურინიმ უარყო ყოველგვარი წინადადება იმის შესახებ, რომ ღონისძიების მიზანია იტალიის ყველაზე მონახულებადი ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა. „ვინაიდან სასტუმროებისა და პანსიონატების სტუმრები უკვე იხდიან გადასახადს საცხოვრებელზე, ისინი ვენეციაში ვიზიტის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან“, - განაცახდა სიმონე ვენტურინიმ.