საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ელჩი „მოხარულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოთქმულ 12 პირობასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო“.
„პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა გამოხატოს მზადყოფნა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში. არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.
„ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელია. 4 წელია, თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ყველა, იქნება ეს მთავრობისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც ყველა მხარის მიერ, ერთად უნდა განხორციელდეს “, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა ქართული მედიის ცნობით.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა.