ისრაელის სამხედრო დამკვირვებლებმა მაროკოში გამართულ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა და განმარტა, რომ ნაბიჯი ურთიერთობის გაუმჯობესების მანიშნებელია.
„სამი დამკვირვებლის ყოფნა წვრთნებზე - „აფრიკული ლომი 2022“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ძალები, მოჰყვა მაროკოს ანტიტერორისტული დანაყოფის მონაწილეობას ისრაელში მრავალეროვნულ წვრთნებში, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში. მაროკოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 20-30 ივნისს ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში ათი ქვეყნის ძალები მონაწილეობდნენ.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და სუდანის შემდეგ, მაროკო მეოთხე არაბული ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან კავშირების ნორმალიზებას დათანხმდა.