"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.
"გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის.
გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.
ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა.
დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ.
23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება