შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს

"სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები არასამთავრობო სექტორი ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დიდი ხანია ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. არიან ჩვეულებრივი მონაწილეები პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე აქცია იყო ამის პიკი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ

რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა. 

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა.

დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა.