იმპორტირებულ საზამთროში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

„დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება. სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სეს-ი ბიზნესოპერატორების ვინაობას არ ასახელებს.