თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე მთავარი პრობლემა სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თავად სომხეთის გარკვეულ წრეებს რეგიონში მშვიდობა არ სურთ. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ერევანთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა და მზადაა, პროცესი ეტაპობრივად წინ წაწიოს.
„ზეწოლა არ აძლევს ერევანს ნორმალიზებისკენ გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
„რატომ არ უნდა ჩატარდეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში ან სომხეთში? ერევანი ჯერ არ არის ამისთვის მზად. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არის შესაძლებელი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ თურქეთი ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.