სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ვიბორგის რაიონში, საკუთარი აგარაკის ტერიტორიაზე ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვი გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ მისი კომპანია რუსეთის ენერგოგიგანტის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო და დაკვეთებს არქტიკაში ასრულებდა.
რუსული მედიის ცნობით, ვორონოვის ცხედარი და იარაღი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს, სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია წერს, რომ 2020-2021 წლებში კომპანია „ასტრა-შიპინგ“-ის დანაკარგმა 160 მილიონი რუბლი შეადგინა.
ცნობისათვის, 2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად გარდაცვლილი ნახეს „გაზპრომ-ინვესტ“-ის ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, ხოლო თებერვალში - „გაზპრომ“-ის ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ვერსიით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. 2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში „გაზპრომბანკ“-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის და მისი ცოლის და ქალიშვილის ცხედრები აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფმა ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.