არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და „ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“. ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არამედ ერთადერთი რამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხალხმა ნახა, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა, არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ ერთადერთი რამ - ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როდესაც ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ამდენად, ეს მიდგომა ქართველი საზოგადოების მხრიდან არის მოწონებული. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარიც აჩვენებს, რომ მათი ინტერესი არის ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა. ერთი მხრივ, საუბრობენ ამ 6 თვეზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, მეორე მხრივ, პირველივე აზრი, რაც თავში მოსდით, ეს არის, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.
სწორედ ამიტომ საუბრობენ ბარიერზე, რომელიც საერთოდ არ არის რეკომენდაციების თემა. პირველი საკითხი, რაც თავში მოსდით, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მანდატები ჰქონდეთ; ასევე კომიტეტის თავმჯდომარეობა იმისთვის, რომ თანამდებობები ჰქონდეთ. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ საქართველოზე, მის ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა განცხადაება გააკეთა, რომლის თანახმადაც, სიმონიშვილი არ გამორიცხავს, სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.
ასევე წაიკითხეთ: