რუსეთი აჩერებს ყაზახური ნავთობის ექსპორტს პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ, რომლის თანახმად, თოყაევი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
- ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა
სამშაბათს ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხდებოდა.
როგორც ინტერფაქსი CPC-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, როსტრანსნადზორმა აღმოაჩინა გარემოსდაცვითი დარღვევები კონსორციუმის საქმიანობაში. მათი აღმოსაფხვრელად ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეჩერდა. კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).
შეგახსენებთ, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისს განაცხადა.