ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებისა და უფლებების დარღვევით.
რეზოლუცაი 2-6 ივლისს, ბირმინგემში, გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია არ ესწრებოდა. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში მათ შეშვებაზე უარი თქვა.