„ჩემი მიზანია, კოორდინირებულად ვიმუშაო იმისთვის, რომ თურქეთთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რეალურად სწრაფად შესრულდეს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გასულ კვირას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან. ამასთან, განხორციელდება ავიაგადაზიდვები თურქეთი-სომხეთისა და საპირისპირო მიმართულებით.
ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს.