ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ქვეყნებს შორის, 1951 წლის შემდეგ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა და საერთაშორისო მედია მას დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის ნაწილად განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეთანხმება ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთში ფრენები განაახლონ.
ამ კვირის დასაწყისში, ისრაელმა განაცხადა, რომ ხელახლა გახსნის თავის ეკონომიკურ და სავაჭრო ოფისს თურქეთში მას შემდეგ, რაც ორივე მთავრობამ 2018 წელს, ელჩები გააძევა. ისრაელი და თურქეთი ახლა ცდილობენ, ელჩების დონეზეც აღადგინონ წარმომადგენლობა.
7 ივლისს, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას, ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაცვალეს მოსაზრებები. ისააკ ჰერცოგი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, მარტში შეხვდა.