ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ნადჰიმ ზაჰავი, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დაინიშნა, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. Sky News-ის ცნობით, მან ამის შესახებ, დღეს განაცხადა.

„საზოგადოება, მისი ლიდერების ანარეკლია. მარგარეტ ტეტჩერის დროს კი, რომელსაც მე ვიცნობდი, ბრიტანეთი სავსე იყო უსაზღვრო ოპტიმიზმითა და შესაძლებლობებით. ეს დაიკარგა და ცვლილებებია საჭირო. ქვეყანა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას“, - თქვა ზაჰავმა.

მოსალოდნელია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ზაჰავი, ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.

„Brexit -ის შემდეგ, ჩვენ  თავისუფალი ერი ვართ. მოდით, აქედან გამომდინარე, ნუ ვილაპარაკებთ შესაძლებლობებზე, არამედ გამოვიყენოთ ისინი. ბიჭი, რომელიც აქ 11 წლისა ჩამოვიდა და ინგლისურად ერთი სიტყვაც არ იცოდა, შეუძლია ემსახუროს უმაღლეს დონეზე მის უდიდებულესობას და კენჭი იყაროს მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ზაჰავმა.

ზაჰავმა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, რიში სუნაკი შეცვალა, რომელიც აპირებს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციისთვის იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.