„დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ქვეყნის მთავრობაზე მოდის. ამას ჩემი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს. ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ რეფორმების განსახორციელებლად ოპოზიციას ხელი მთავრობამ უნდა გაუწოდოს, თუმცა ამ პროცესში როლი ოპოზიციასაც აქვს. თქვენი აზრით, რა არის ოპოზიციის როლი დღეს? ელჩმა ამერიკის ხმის ამ შეკითხვას უპასუხა.
„მე მეორე მოსაზრებას ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამავდროულად, როგორც უკვე ბევრი კვირაა, ვამბობ, ეს კონკრეტული მომენტი აშკარად მთელი პოლიტიკური ელიტის ერთად დასხდომის საფუძველია. დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა.
ამას დავამატებ, რომ პოლარიზაციის მიღმა, მე მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობენ პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, რომელ ხმებსაც საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა. იმ მხარეებიდან, რომლებსაც პოლიტიკაში როგორღაც ნულოვანი ჯამის - მე ვიგებ, შენ აგებ - ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ.
კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური, საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.