აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს.
ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს.
„ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.
„ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც.
„რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.