იაპონიის პოლიციამ აღიარა, რომ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობის დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები არსებობდა. პოლიცია იძიებს, რატომ იყო აბე სამიზნე და მოქმედებდა თუ არა მისი მკვლელი მარტო.
„უდავოა, რომ უსაფრთხოების კუთხით იყო პრობლემები”, - განაცხადა ნარას პოლიციის უფროსმა ტომოაკი ონიზუკამ.
სინძო აბე სიტყვით გამოდიოდა საარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც უკნიდან ესროლეს. ფოტოებზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილი მასთან ახლოს დგას რამდენიმე წუთით ადრე. მოწმეებმა აღწერეს, რომ დაინახეს კაცი, რომელსაც დიდი იარაღი ეჭირა, სინძო აბედან რამდენიმე მეტრში მოძრაობდა და ორჯერ ისროლა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიწაზე დაეცა.
მოგვიანებით, ეჭვმიტანილის სახლში აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. იაპონიის ყოფილი პრემიერი კისერში იყო დაჭრილი და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა საავადმყოფოში გადაყვანისას.