ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობისა და იმედის გზავნილს" გადასცემს.
„იერუსალიმიდან პრეზიდენტ ბაიდენის თვითმფრინავი საუდის არაბეთში გაფრინდება და ის ჩვენგან მშვიდობისა და იმედის გზავნილს მიიღებს“, - განაცხადა ლაპიდმა კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის გახსნაზე.
„ისრაელი მიმართავს რეგიონის ყველა ქვეყანას და მოუწოდებს მათ, დაამყარონ კავშირები ჩვენთან, დაამყარონ ურთიერთობები ჩვენთან და შეცვალონ ისტორია ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა ლაპიდმა.
ისრაელსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.
პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ.
ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.