უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, პუტინის განკარგულების შემდეგ „უკრაინელების პასპორტიზაციაზე“, პარტნიორებს ახალი სანქციებისა და იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
„უკრაინის მოქალაქეებს არ სჭირდებათ პუტინის მოქალაქეობა და ძალის გამოყენებით მისი დაკისრების მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. ეს განკარგულება უმნიშვნელოა და მხოლოდ პუტინის მტაცებლურ მადას ადასტურებს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, პუტინის მადას ბოლოს მოუღებენ. რა თქმა უნდა საჭიროა პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა“, - განაცხადა კულებამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება. „მოვუწოდებ პარტნიორებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ პუტინის ახალ საპასპორტო ფანტაზიებზე: სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას მეტი მძიმე იარაღი და შემოიღონ ახალი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ.