გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნება“ დატოვა

გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა და მმართველი პარტია დატოვა. 11 ივლისს, დღის განმავლობაში, “ოცნებიდან” გასვლის გადაწყვეტილება საკრებულოების კიდევ ოთხმა დეპუტატმა გაახმიანა.

გოგინაშვილის რიტორიკა ემთხვევა „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის - რიტორიკას, რომელთაც პარტიის დატოვების მიზეზად „სიმართლის თქმა“ დაასახელეს. “ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი, ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს…” - წერს გოგინაშვილი Facebook-ზე.

ის აკრიტიკებს მიხეილ ყაველაშვილის წერილზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხს  და “შეურაცხყოფაზე” საუბრობს.

„მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა. ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო”, - წერს გოგინაშვილი და იქვე დასძენს: „სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას” და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში”.


ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.