მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება და წლის ბოლოსთვის ზრდა 4%-ს მიაღწევს.
მსოფლიო ბანკი 2020 წლის მონაცემებსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდა.
რაც შეეხება 2022 წელს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
გამოცემის მიხედვით, COVID-19–ის პანდემიამ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით, რომელსაც ართულებს სოციალური უკმაყოფილება და კონფლიქტი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წლის შუა პერიოდში სტაბილიზაციის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მეოთხე კვარტალში და მთავრობები აიძულა შეენარჩუნებინათ ან ხელახლა შემოეღოთ შემარბილებელი ღონისძიებები. შეფასების მიხედვით, რეგიონული მშპ გასულ წელს 2.9%-ით შემცირდა. თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნა ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში გაჩნდა გაცილებით ღრმა ვარდნის მოლოდინი ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
პანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძლიერი სავაჭრო ან ფინანსური კავშირები ჰქონდათ ევროზონასთან და რომლებიც მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი სერვისებზე და ტურიზმზე.
„პანდემიამ ძლიერ გაამწვავა რისკები ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში; სუსტი პერსპექტივები სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ვალის ტვირთს და დაასუსტებს მსესხებლებს. გლობალურმა საზოგადოებამ სწრაფად და აქტიურად უნდა იმოქმედოს იმისათვის რომ ვალის ბოლოდროინდელი დაგროვება სავალო კრიზისით არ დასრულდეს. განვითარებადი სამყარო ვეღარ დაკარგავს კიდევ ერთ ათწლეულს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის თანასწორი ეკონომიკური ზრდის და საფინანსო ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აიჰან კოსემ.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, როგორც წარსული კრიზისები, პანდემიაც გრძელვადიან უარყოფით გავლენას იქონიებს გლობალურ აქტივობაზე.
"აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში 2021 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 7.4% იქნება. ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგნოზის მიხედვით რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს 3.3% იქნება.
ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 2021 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური საქმიანობის ზრდა 3.7%-ით. ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებში წელს 2.1%-ით გაიზრდება. სამხრეთი აზიის ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში 2021 წელს სავარაუდოდ 3.3%-ით გაიზრდება. ხოლო საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში, 2021 წელს 2,7%–ით გაიზრდება", - აღნიშნულია ანგარიშში.