რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა

პირველი რვა უცხოური გემი უკრაინის პორტებში შევიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის, ხოლო უკრაინის საზღვაო ძალები ჩართულია უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში. ამ ინფორმაციას საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები შეუერთდნენ ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირება სამოქალაქო გემებით, დუნაი-შავი ზღვის არხით. რვა უცხოური გემის პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა უკრაინის პორტებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ არხის გამოყენება რუსი ოკუპანტებისაგან გველების კუნძულის გათავისუფლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რუსული აგრესიის გამო და შავ ზღვაში ნავიგაციის დაბლოკვის გამო, უკრაინის პორტებში მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული იყო ჩარჩენილი.

ქვეყნის პორტების უმეტესობა დახურულია, რადგან რუსული ჯარები აგრძელებენ შავ ზღვაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმას. უკრაინული მდიის ცნობით, ახლახან ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს (Millennial Spirit) მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს, რომელიც ფაქტობრივად ჩაძირა.