თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ „დროა, გაერომ იმოქმედოს შავი ზღვის გავლით უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმისთვის“.
კრემლმა განაცხადა, რომ ლიდერებმა ისაუბრეს „შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისა და მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის კოორდინაციის შესახებ“. ამასთან, აღნიშნულია, რომ ორმა ლიდერმა „განსაკუთრებული ყურადღება“ დაუთმო „ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას“ ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებში.
თუმცა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაში არაფერია ნათქვამი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ და აღნიშნულია, რომ თურქეთი მზადაა, „ყველა სახის მხარდაჭერა გაუწიოს მოლაპარაკებების პროცესის აღორძინებას“.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამართა სატელეფონო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან. ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ თურქეთს მშვიდობა სურს უკრაინაში და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის შესახებ გაეროს გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
ჩვენ ვაფასებთ თურქეთის მხარდაჭერას. განვიხილეთ პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის განახლების მნიშვნელობა“, - დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის შემდეგ.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.