რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები მომავალ კვირას თეირანში შეხვდებიან. ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
პუტინი ირანს მომავალ კვირას ეწვევა.
პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.
„ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა.
ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.