გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა ბერლინში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მძიმე შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს. იუწყება უკრაინული მედია.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის იარაღის ერთობლივად გადაცემის საკითხი... განვიხილავთ სიტუაციის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს“, - განაცხადა გოლობმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სლოვენიამ უკვე გაუგზავნა მძიმე იარაღის პარტია უკრაინას, მაგრამ შემდგომი პროცესი გადაიდო ხელისუფლების ცვლილების გამო. ახლა კი, პრემიერი პროცესის დაჩქარებას ელის.
თავის მხრივ, შოლცმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნები „სწრაფ პროგრესს ერთად მიაღწევენ". კანცლერმა ხაზი გაუსვა პარტნიორების მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინას - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დახმარებით.
სლოვენია უკრაინაში 30 T-72 ტიპის ტანკის გაგზავნას და გერმანიიდან ახალი აღჭურვილობის მიღებას გეგმავდა, თუმცა ბერლინმა მხოლოდ 15 ლეოპარდ-2A4 ტიპის ტანკი შესთავაზა . მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს.