ისრაელი უკრაინაში თავდაცვითი საშუალებების ახალ პარტიას გაგზავნის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის ახალი პარტიის მიწოდება დაამტკიცა. საუბარია 1500 ჩაფხუტზე, 1500 ქურთუკზე, ასობით დამცავ მოწყობილობაზე, ათას გაზის ნიღაბსა და ქიმიური დამცავ კოსტიუმებზე. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი ეს ტექნიკა უკრაინის სამაშველო სამსახურს უახლოეს კვირებში გადაეცემა.

ხანგრძლივი უარის შემდეგ, აპრილში, განცმა პირველად დაამტკიცა 2000 ჩაფხუტისა და 500 ქურთუკის მიწოდება უკრაინისთვის. Timesofisrael-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც კიევის გარეუბანში, ბუჩაში, რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების და სხვა სისასტიკეების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იმ დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც ახლა ასევე პრემიერ-მინისტრია, აშკარად დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულებში, რაც მოსკოვის წინააღმდეგ ისრაელის უმაღლესი ოფიციალური პირის ყველაზე მწვავე კომენტარი იყო.

ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმად, ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა . იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.

მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმმა გარკვეულწილად შეცვალა თავისი ტონი, ჯერჯერობით, უკრაინისთვის სამხედრო ძალისხმევაში წვლილის შეტანაზე უარს ამბობს. ისრაელმა უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ასევე, დასავლეთ უკრაინაში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.