გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გადაცემულ იარაღის სისტემების, აღჭურვილობისა და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სია გამოაქვეყნა. დოკუმენტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინამ გერმანიისგან 12 ივლისის მდგომარეობით შემდეგი შეიარაღება მიიღო: 3000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 14 000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 500 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“, 2700 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა“, 7 თვითმავალი ჰაუბიცა, 21 მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 100 ტყვიამფრქვევი და ა.შ.
ამასთან, 2022 წელს გერმანიამ გაზარდა თავისი სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევრომდე. „ეს დამატებითი თანხები ძირითადად განკუთვნილია უკრაინისთვის, ასევე გერმანიის შენატანებისთვის ევროპულ სამშვიდობო ფონდში, საიდანაც შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ზომების ხარჯების ანაზღაურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.