„საქართველო ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ჩვენ უნდა ვეძიოთ გზები, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გადაჭრას პრობლემები, რომლებზეც ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მირებულ დოკუმენტებში მიუთითეს“, - შესაბამისი განცხადებით, ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა.
„მე ვფიქრობ, რომ სვენ მიქსერის მოხსენება გარკვეულწილად დახმარება იქნება, რადგან ისე ჩანს, რომ განსაკუთრებით, მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან თავს გვაჩვენებენ, რომ არ ესმით, რას ნიშნავს ეს პუნქტები. მაგალითად, პირველი ნაწილი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს.
თუ გავიხსენებთ შარლ მიშელის შეთანხმებას, ჩანს, რომ მთავრობა საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პარლამენტში შექმნეს კომისია დეპოლარიზაციისთვის, თუმცა თუ მათ გასმოსვლებს მოუსმენთ, ეს პოლარიზაციის გაზრდას უფრო ჰგავს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და ომში ჩათრევაზე მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც გაიხსენა.
„ადანაშაულებენ ყველას - არამარტო ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, რაც სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე. ახლა, საქართველოს მთავრობა ამბობს იგივეს. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ხსენებული ანგარიში, რომ ავუხსნათ, რას ნიშნავს ჩამოთვლილი რეკომენდაციები. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, არ ესმით.
ოლიგარქი არის ადამინი, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და ვისაც შეუძლია, დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონაა საქართველში - ბიძინა ივანიშვილი. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ ხელისუფლებას, რა არის ჩვენი მოლოდინი“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.