უცხოური ბარათებით საქართველოში გადახდები 1 მილიარდი ლარით შემცირდა

2020 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური ბანკების მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათებით 810.5 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 988 მილიონი ლარით, ანუ 55%-ით ნაკლებია.

უცხოური ბარათებით საქართველოში შესრულებული ოპერაციების კლება პირველ რიგში ქვეყანაში ტურიზმის შემცირებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში საბარათე გადახდებმა უცხოური ბანკების საბარათე გადახდებმა 317.1 მილიონი ლარი შეადგინა, წელს კი ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლები იყო და 69 მილიონ ლარს შეადგენდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა 1.3 მილიონი ვიზიტი შედგა, მათი უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში, საზღვრების ჩაკეტვამდე იმყოფებოდა ქვეყანაში. 2019 წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებელი 75%-ით არის შემცირებული.

უცხოური საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების კლება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, წელს საქართვრლოში ადგილობრივი მოთხოვნის მოცულობა შემცირებულია. 2020 წლის 7 თვეში ეკონომიკურმა კლებამ 5.7% შეადგინა.