ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატია ვერ შეაჩერებს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისგან
„სიტყვები არ შეაჩერებს მათ, ბატონო პრეზიდენტო. დიპლომატია არ შეაჩერებს მათ. ერთადერთი, რაც შეაჩერებს ირანს, არის იმის ცოდნა, რომ თუ ისინი განაგრძობენ ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი სამყარო გამოიყენებს ძალას. მათი შეჩერების ერთადერთი გზა, მაგიდაზე სანდო სამხედრო საფრთხის დადებაა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენი არ დაეთანხმა ლაპიდის ამ მოსაზრებას და განაცხადა, დიპლომატია საუკეთესო გზად რჩება. მისივე განცხადებით, აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის მოპოვებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.