ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შენახვის ფინანსური ხარჯების დასაფარად, გერმანია მიმდინარე წელს დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ Reuters შრომის მინისტრ ჰუბერტუს ჰაილზე დაყრდნობით წერს.
ჰაილის თქმით, უკრაინიდან დაახლოებით 800 000 ადამიანმა გერმანიას თავი შეაფარა, რომელთაგან 30% 14 წლამდე ასაკისაა. გერმანიის შრომის ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, რადგან უკრაინელი ლტოლვილები ბიუროში სამსახურის საძიებლად რეგისტრირდებიან.
ჰაილის ინფორმაციით, გერმანიის სოციალური დაცვის სისტემაში ამჟამად რეგისტრირებულია დაახლოებით 360 000 უკრაინელი, საიდანაც 260 000 სამუშაოს ეძებს. „ახლა საქმე ეხება მათ სამუშაოს მიცემას”, - განაცხადა ჰაილმა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინის საზრვარი 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.