ბოლო 6 წელიწადში პირველად, ევროპამ აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიის ქვეყნებს გაუსწრო

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით აზიურ ქვეყნებს გაუსწრო და ბოლო 6 წელიწადში ამერიკული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი გახდა.

Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ევროპამ საშუალოდ აშშ-დან 213,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა აზიაში ეს მაჩვენებელი 191,1 მილიონი ბარელი იყო. ბოლოს, ევროპა აშშ-ის ნავთობის შესყიდვებში აზიის ქვეყნებს 2016 წელს უსწრებდა, როცა აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა.

ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვნად გადაანაწილა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ენერგომომარაგება. პუტინის ომის დაფინანსების შეჩერების მცდელობისას, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესეს.

შედეგად, უფრო მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა შეერთებულ შტატებს ნავთობის იმპორტისთვის, ხოლო რუსეთი თავის ნედლ ნავთობს ღრმა ფასდაკლებით სთავაზობს ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც არანაირი აკრძალვა არ დაუწესებიათ. აშშ-ს ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება, მაგრამ არა საკმარისად სწრაფად, რომ აზიისა და ევროპის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

ასევე, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთს აქვს გარკვეული შეზღუდვა ევროპაში რესურსების გაგზავნაზე. რეგიონის უმსხვილესი მწარმოებლები საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე ცდილობენ შეასრულონ თავიანთი საწარმოო ვალდებულებები OPEC+-ის შეთანხმებით. სხვა მომწოდებლები, როგორიცაა ლიბია, ებრძვიან პოლიტიკურ არეულობას, რომელიც ექსპორტს ზღუდავს.