ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ანგარიში საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ლგბტ პირებისა და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად უნდა დანერგოს. დოკუმენტი Europetime-ს დუნია მიატოვიჩის ოფისმა მიაწოდა.

კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტი პირები კვლავ არიან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და გავრცელებული დისკრიმინაციის მსხვერპლნი საქართველოში. დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დამრღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი კატეგორიის პროფესიონალების ტრენინგი პრიორიტეტი უნდა იყოს.

კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში, შემაშფოთებელია და რომ სათანადო რეაგირება სიძულვილის ენაზე, მათ შორის ოფიციალური პირების, რელიგიური ლიდერების და მედიის პროფესიონალების მიერ გახმოვანებისას, საჭიროა სამართალდამცავი არხების და სხვა მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, როგორიცაა პრევენცია, მონიტორინგი და თვითრეგულირება. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები, რათა ლგბტ პირებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეკრების უფლება. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის ლეგალურ აღიარებას სწრაფი და გამჭვირვალე გზით.

რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოხსნას დისკრიმინაციული ბარიერები ღვთისმსახურების ადგილებში და საგადასახადო და რელიგიური საკუთრების საკითხების რეგულირებისას.

„ღია დიალოგი ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან უნდა დამყარდეს", - განაცხადა მიატოვიჩმა.

გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სასკოლო სახელმძღვანელოებიდან რელიგიური სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად. მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებამ გამოიწვია საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის საკითხის მნიშვნელოვანი გაუარესება. კომისარი მიესალმება უახლეს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს დარჩენილი საკანონმდებლო ხარვეზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენით, მშობლის შვებულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობისა და კომპენსაციის შესახებ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებით. 

დუნია მიატოვიჩი საქართველოში 2022 წლის თებერვალში იმყოფებოდა.