საქართველოს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც ნინო ლომჯარია მედიის წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმიანება.
როგორც სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობის ხელშეშლას.
ომბუდსმენმა საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პერიოდული და პროაქტიული ინფორმირება მოახდინოს.
„2022 წლის 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების (https://bit.ly/3IEx6Ak) შესახებ. სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე (https://bit.ly/3P9YzMT). ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი.
მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას. აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის.
ამდენად, სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას (https://bit.ly/3Psq1oO) და აქვე მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.