ბრიტანელ პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს - ლიზ ტრასი

„ბრიტანელი მოხალისის, პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს. რუსეთის ელჩი ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

„რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ტრასმა.

უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე, პოლ არი დაიღუპა. 45 წლის კაცი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობის ბრალდებით აპრილში დააკავეს.

პოლ არი კიდევ ერთ მოქალაქე, დილან ჰილისთან ერთად, 25 აპრილს დააკავეს, როდესაც ჰუმანიტარული მისიით რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ზაპოროჟიეში შესვლას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალაქში ჩარჩენილი ქალისა და მისი ოჯახის სამშვიდობო ტერიტორიაზე გამოყვანა სურდათ.

ორგანიზაცია Presidium Network-ის განცხადებით, რომელიც დაკავებულის ოჯახს დახმარებას უწევდა, პოლ არის გარდაცვალების ცნობა ოჯახს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

მანამდე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის  მარიონეტმა ომბუდსმენმა, დარია მოროზოვამ განაცხადა, რომ პოლ არი ტყვეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტრესის გამო, 10 ივლისს დაიღუპა. მისი თქმით, პოლ არის დიაბეტი ჰქონდა და სუნთქვის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებდა.