ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა თურქულ Albayrak Holdnig-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს ბაქოს პორტით მინერალური სასუქების ტრანზიტის ზრდის უზრუნველყოფას.
„ახალი პორტის ტერმინალის სრული დატვირთვით გაშვება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბაქოს პორტში მინერალური სასუქების გადაზიდვა ხორციელდება მთავარ სატვირთო ტერმინალში და ახალი ტერმინალის ამოქმედებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პროდუქტის გადაზიდვის ზრდა. ასევე მოსალოდნელია ზრდა, პორტის ტვირთების საერთო ნაკადში“, - განაცხადა ზიადოვმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Albayrak-ის ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით და ბაქოს პორტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი ტერმინალის მართვა, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩაეშვება, Albayrak-ი განახორციელებს.