ჯეიკ სალივანის თქმით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რუსული დელეგაცია, ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების შესამოწმებლად, სულ მცირე ორჯერ ჩავიდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რუსული დელეგაცია, ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების შესამოწმებლად, სულ მცირე ორჯერ ჩავიდა. 

აშშ-ის ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. CNN-ის მიერ მოპოვებული სატელიტურ ფოტომასალის მიხედვით, რუსეთის წარმომადგენლები თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომს ივნისში ეწვივნენ.

ჯეიკ სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.

"ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა 12 ივლისს.

თავად ირანის საგარეო უწყებამ ეს ინფორმაცია უარყო.