"უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს"

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

„გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.