თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, პროკურატურამ სასამართლოს სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.
გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.
„მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.
მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.