კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა გაუგზავნა, რომელიც Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, ტურბინა თვითმფრინავით 17 ივლისს გაიგზავნა. გერმანიიდან კი ბორნით ჰელსინკში გადაიტანენ, იქიდან კი რუსეთში პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე დაახლოებით 24 ივლისს ჩავა და დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.
Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.
11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს.
უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
„კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.
Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.