ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს 18 ივლისს ეწვევა, რათა ევროკავშირმა აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი ცდილობს, რუსულ ენერგიაზე თავისი დამოკიდებულება შეამციროს.

„რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად ქცევის ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია“, - აღნიშნავს ევროკომისია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ 12 ივლისს განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.

2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.