უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვასილ მალიუკი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება No504/2022 სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ვასილ მალიუკს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობების დროებით შესრულება ევალება“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, ზელენსკის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი მოადგილე, ოლექსი სიმონენკო შეასრულებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის (SBU) უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა.
უკვე დღეს კი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრი სმირნოვმა განმარტა, ჩატარდება გამოძიება, რის საფუძველზეც პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნას თუ დატოვოს თანამდებობებზე ხსენებული უწყებების ხელმძღვანელები, რადგან რუსეთთან კოლაბორაციონიზმის შემთხვევების აღმოჩენა ამ სტრუქტურებში დღემდე გრძელდება.