სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაამკაყოფილა.

დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო.

წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 2:00 საათზე გაიმართება.


ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. 

გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად 17 ივლისს წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

„მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.