ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკთან დავის შესახებ, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ ინფორმაციას ავრცელებს

„2022 წლის 7 ივლისს იურიდიული ფირმის „ემ-ქეი-დი“ მიერ გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, რომელიც ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან კლიენტის მიმართ არსებულ ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია. მოცემულ პრეს-რელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეს-რელიზში გაცხადებული ინფორმაცია მიწოდებოდა შვეიცარიულ საზოგადოებასაც, უფრო კონკრეტულად კი, მომხდარიყო მიმართვა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და ფინანსური მარეგულირებლისთვის, რათა მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეცვათ ის სისტემა, რომელზეც, დიდწილად დგას შვეიცარიის ეკონომიკა და რომელსაც შეგნებულად, არაერთგზისი და განგძობადი დარღვევებით, მიზანმიმართულად ანგრევს Credit Suisse-ი და მისი მენეჯმენტი. უცვლელად გთავაზობთ ჩვენ მიერ შვეიცარიული მედიისთვის გაზიარებულ ტექსტს, რომელიც, დიდწილად, 2022 წლის 7 ივლისის პრეს-რელიზს ეფუძნებოდა:

 

[ციტატის დასაწყისი]

საყურადღებო სიგნალი შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოსა და მარეგულირებლისთვის: Credit Suisse-ი შვეიცარიის საფინანსო სისტემის იმიჯს ანგრევს

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ გლობალურ დავას აწარმოებს და აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებსაც.

ეს მოვლენაც საკმარისია იმაზე სასაუბროდ, რომ Credit Suisse-ი რთულ მდგომარეობაში აგდებს მთელ შვეიცარიულ საბანკო-საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა კიდევ უფრო ღრმა ხასიათისაა, რაც გარდაუვლად საჭიროებს შვეიცარიული საკანონმდებლო ორგანოსა და საფინანსო მარეგულირებლის დაუყოვნებელ ჩარევას, რათა მთელ სისტემასა და სახელმწიფოს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.

ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ბანკში მომხდარი კანონდარღვევების შესახებ ცნობილი გახდა, ბატონი ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით ხსენებული აქტივები უკვე მრავალი წელია, რაც იმავე ტრასტის მართვით უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Credit Suisse-ს არც ლიკვიდურობის და არც აქტივების დაზოგვის კუთხით უნდა ჰქონდეს დაბრკოლება მოცემული აქტივების კლიენტის ინსტრუქციების შესაბამისად განკარგვაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.

2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:

ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.

თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:

უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 19 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა.

კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.

ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. მეტიც, რჩება განცდა, რომ ბანკის მმართველი რგოლი ამგვარ თავზეხელაღებულ, ბანკის რეპუტაციის დამანგრეველ მოქმედებებს შეგნებულადაც კი მიმართავს, რადგან ამგვარი მოქმედებები სხვა რაციონალური ან ლოგიკური არგუმენტით ვერ საბუთდება.

ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ.

აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.

კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი.

ამჯერად კი ბანკის ყოფილი კლიენტი, რომელსაც გულწრფელი სიმპატიები გააჩნია შვეიცარიული სახელმწიფოს მიმართ, ურჩევს და მოუწოდებს შვეიცარიელ კანონმდებლებსა და შვეიცარიულ მარეგულირებელ ორგანოებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ბანკისა და მისი მენეჯმენტის მოქმედებებზე და მოაქციონ იგი სამართლებრივ და საფინანსო სექტორის ლოგიკის ჩარჩოებში და ეს გააკეთონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის.

[ციტატის დასასრული]

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედია საშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები.

მიუხედავად ამ მზაობისა და მედია თავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.