სოსო გოგაშვილის მეუღლე: ჩემს ოჯახსა და შვილებს გვემუქრებიან

ჩემი ოჯახის და შვილების მიმართ მუქარები მოდის. ჯერ არ ვიცით, ვინ არიან, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, შეტყობინებები მოგვდის, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზე აუცილებლად, გვაფრთხილებენ კეთილის მსურველები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილის ცოლმა, თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩემი ოჯახის და შვილების მიმართ მუქარები მოდის. ჯერ არ ვიცით, ვინ არიან, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, შეტყობინებები მოგვდის, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზე აუცილებლად, გვაფრთხილებენ კეთილის მსურველები. მათი ვინაობა რომ დავასახელო, ვეღარ გავიგებ შემდეგ ვერაფერს. მაგრამ პირობას ვაძლევ, რომ არ გაჩუმდება გოგაშვილის მეუღლე და არ გაჩუმდებიან მისი შვილები. არ გავჩუმდებით“, - განაცხადა მარტყოფლიშვილმა.


ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. 

გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად 17 ივლისს წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

„მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.