დმიტრო კულება: უკრაინა ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ მისი ჯარები საზღვარს გადმოკვეთენ

უკრაინა ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ბელორუსი დანაშაულის თანამონაწილეა და ამ საკითხს არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებისთანავე გავწყვიტეთ. ეს ურთიერთობა ასევე შეწყდება ბელორუსთან, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადმოკვეთენ“, - აღნიშნავს დმიტრო კულება.


ცნობისათვის, მადრიდის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ლიდერები აცხადებენ, რომ ბელორუსმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ თანამონაწილეობა ომში უნდა დაასრულოს.  რაც შეეხება შეერთებული შტატების პოზიციას, როგორც ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებდა, შეერთებულ შტატებს იმთავითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა შეკითხვები ბელორუსთან, თუმცა მინსკის გამუდმებით ცრუობდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები.

მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.