პოლონეთი თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-მდე დახარჯავს

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას გეგმავს.

მისი თქმით, პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-დან 3%-მდე და შემდგომში მშპ-ს 5%-მდე გაზრდა იგეგმება.

ცენტრალური პოლონეთის ქალაქ პლოკში გამართულ პარტიულ მიტინგზე კაჩინსკიმ თქვა, რომ ქვეყანა აპირებს გააგრძელოს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. „იმისათვის, რომ რუსეთი არ დაგვესხას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არმია შეკავებისთვის”, - აღნიშნა კაჩინსკიმ.

მან არ დააკონკრეტა, როდის დახარჯავს პოლონეთი მშპ-ს 5%-ს თავდაცვაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, რომ გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი კონტრშეტევას არ დაიწყებს, „ამიტომ ევროპის უსაფრთხოება ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული“.

„სამშობლოს დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, მომავალ წელს პოლონეთმა თავდაცვაზე  მშპ-ს 3% უნდა დახარჯოს. თუ სხვა მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, პოლონეთი NATO-ს წევრებს შორის თავდაცვის ხარჯების მონაცემებით ლიდერი გახდება.

ახლა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს შეერთებული შტატები, რომელიც, თავად ალიანსის მონაცემებით, ჯარზე მშპ-ს თითქმის 3,5%-ს ხარჯავს.