ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან მოქალაქეებზე 200 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა ნებადართული გახდება.
ახალი წესის მიხედვით, ის პირები, რომელთაც უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები აქვთ, ქართული ბანკებიდან სავალუტო სესხის გამოტანას შეძლებენ.
„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები". - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის გამოცემულ ბრძანებაში.