უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს ეს და სხვა საკითხები ტაშკენტში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტისას განიხილეს.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უზბეკეთმა კოლეგამ აბდულა არიპოვმა ტაშკენტში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მათი კაბინეტის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ძირითადი ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეკონომიკურ სფეროში დაეთმო.
„მხარეებმა ევროპულ ბაზარზე უზბეკეთის პროდუქციის ექსპორტისთვის, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და რეკონსტრუქცია.
ორმხრივ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ისაუბრეს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს.