ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში

თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიტყვები საკმარისი არ არის“ და რომ ანკარა განაგრძობს ბრძოლას ქურთული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ის „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ უწოდებს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღმოვფხვრათ ბოროტი ჯგუფების საქმიანობა, რომელთა სამიზნესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგეს , - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის დედაქალაქ თეირანში რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან სამმხრივი შეხვედრის წინ.

თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“.

ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.